პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის პირველი სხდომა ქუთაისში გაიმართა
5 მაისი 2021პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველი სხდომა ქალაქ ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის მერი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„უკვე წარმოდგენილია რამდენიმე არეალი, დღის ბოლოს კი კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდება თორმეტივე მუნიციპალიტეტში პირველი ეტაპის პროექტები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებქ და განხორციელდება. პროგრამის შინაარსი მოიცავს მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაციას, რეკრეაციული სივრცეების და საპარკო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები. ასევე, რა თქმა უნდა, დაფინანსდება ისეთი პროექტები, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობის კუთხით ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება და მათი ჩართულობა უფრო აქტიური იქნება,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადებულია და შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული არქიტექტურულ-ურბანული და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან როგორც პროექტების მომზადებაში, ისე სამუშაოების წარმოებაში.
„გეგმის შესაბამისად უკვე ზაფხულში გათვალისწინებული გვაქვს აქტიური სამუშაოების დაწყება, რომ რაც შეიძლება მალე ხელმისაწვდომი გახდეს ეს ახალი არეალები, ახალი მიზიდულობის ცენტები, პირველ რიგში ჩევნი მოსახლეობისთვის და შემდგომში უკვე, როცა პანდემიის გამოწვევები გადაილახება, ეს პროექტები ტურიზმის განვითარებისთვისაც საინტერესო იქნება,“ - თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
იმერეთის შემდეგ, მიმდინარე კვირის განმავლობაში, კომისიის სხდომები გაიმართება რაჭაში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში.
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.